რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости-ის ცნობით, მოსკოვი-თბილისის პირველ ბორტზე ქართული დელეგაცია იფრენს, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი ხელმძღვანელობს.
"რია" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჭიქაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის.
"ჩემი და ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს [განკარგულებაზე] ხელმოწერისთვის და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, ეს იყო ერის მოთხოვნა და ყველამ კარგად ვიცით ამის მნიშვნელობა.
მთავარია არა მხოლოდ თავიდან დავიწყოთ, არამედ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში", - თქვა მერაბ ჭიქაშვილმა.
როგორც რუსული მედია წერს, დელეგაციამ ჯერ კიდევ 2022 წლის 7 დეკემბერს დაიწყო ინტენსიური დიალოგი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჟღენტი, თემურ ფიფია, ვალერი კვარაცხელია, თემურ მაისურაძე, მამუკა ფიფია.