თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდებიან.
პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. ისინი რამდენიმე წუთში უკვე ავტოკოლონებით გაემართებიან აეროპორტისკენ, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. მათ გამოფენილი აქვთ ბანერები, უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი არის, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში არ უნდა იფრინონ, მათი მთავარი ადრესატი კი "ქართული ოცნებაა".
როგორც ისინი ამბობენ, მმართველ პარტიას დაუფასდა ის რუსული პოლიტიკა, რომელსაც რამდენიმე წელია რაც ატარებენ.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, რუსული სანქცირებული თვითმფრინავების პირდაპირი ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას ნიშნავს.
"როგორი შეშინებული არის იქიდან პუტინი და აქედან ივანიშვილი, რომ დროც კი მოიტყუეს გამოფრენის და ჩამოფრენის. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველას პროტესტი, იმიტომ რომ პირდაპირი ფრენები ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ მათ კურსი შეიცვალეს. სანქცირებული თვითმფრინავების ფრენა ჩვენს ავიასივრცეში ნიშნავს ჩვენს იზოლაციას, იმიტომ რომ პირდაპირ სანქცირება მოჰყვება ჩვენი აეროპორტების. დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის Red Wings-იც იფრენს, რომელიც ამერიკაშიც და ევროპაშიც და უკრაინაშიც სანქცირებულია. ამიტომ, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება მკაცრი ერთიანობისა, ბრძოლისა," - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 მაისს, სულ რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული ავიაკომპანიის Azimuth Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოფრინდება. ბორტი "ვნუკოვოს" აეროპორტიდან უკვე გამოფრინდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.