
"რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში დაძაბულობა მატულობს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The New York Times. გამოცემა წერს, რომ პარასკევს, 19 მაისს, როცა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, პირველი რეისი განხორციელდა, მგზავრებს
აეროპორტთან აქციით დახვდნენ, დემონსტრანტები კი მათ ქვეყანაში ჩასვლას აპროტესტებდნენ.
სტატიაში წერია, რომ აქციაზე ისმოდა შეძახილები: "რატომ მოხბედი აქ? შენი ქვეყანა ოკუპანტია", აეროპორტის მიმდებარედ კი, მათივე ცნობით, დაახლოებით 200-მა მომიტინგემ გაშალა ბანერი წარწერით: "You are not welcome".
"მე აქ მხოლოდ დასასვენებლად ვარ", - უპასუხა ერთ-ერთმა მგზავრმა მედიას, რომელიც ფრენის დასახვედრად იყო შეკრებილი" - წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ფრენების განახლება და პარასკევს გამართული არაერთი აქცია, რუსეთთან ურთიერთობის გამო, საქართველოში არსებულ დაძაბულობას უსვამს ხაზს და აჩვენებს სიფრთხილეს, რომელსაც ბევრი ქართველი გრძნობს იმ ქვეყანასთან დაახლოების გამო, რომელთანაც 15 წლის წინ ომი ჰქონდა, გასულ წელს კი უკრაინაში შეიჭრა.