იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს ახლადდანიშნული წევრის სხდომაზე მისვლას ისევ ელოდება. ჯანეზაშვილს ისევ და ისევ ღვამიჩავას "კლანთან" კავშირები აინტერესებს:
"ხვალ 15 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
საინტერესოა ამჯერად მაინც თუ დაესწრება პრეზიდენტის მიერ დანიშნული ღვამიჩავა სხდომას, ხვალ ამ ადამიანის და "კლანის" წევრის შესაძლო ნათესაური კავშირის შესახებ განცხადებასაც გავაკეთებ.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა.
ჩემს მეგობრებშიც და ფრენდებშიც ბევრია ისეთი ადამიანი ვინც იცის ვინაა თსუ-ის იურიდიულის ყოფილი დეკანი რომან შენგელია (რომლის უახლოესი ნათესავი ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი და მოადგილეა) და ვინაა თამარ ღვამიჩავა. ხალხო, რატომ არ იღებთ ხმას? ძალიან კარგი იქნება თუ დაქალობას და ძმაკაცობას არ გადააყოლებთ ამ ქვეყანას! ჯერ კიდევ ველი გამოხმაურებას" წერს ჯანეზაშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი თამარ ღვამიჩავას "კლანთან" კავშირებზე კითხვებით, 31 ივლისის სხდომაზეც ელოდებოდა, თუმცა საბჭოს ახალი წევრი მაშინ სხდომაზე არ მივიდა.
თამარ ღვამიჩავა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრად 23 ივლისს დანიშნა. მან ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც იუსტიციის საბჭო პოლიტიკაში წასვლის შემდეგ დატოვა.