
"ნაციონალური მოძრაობა" 27 მაისს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას
უერთდება. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია საუბარი.
როგორც ენმ-ის განცხადებაშია აღნიშნული, როდესაც ნიკა გვარამია ივანიშვილის პირად ტყვეობაშია, რაიმე წინგადადგმულ ნაბიჯზე საუბარი რთულია.
"ერთ წელიწადზე მეტია ნიკა გვარამია აბსოლუტურად უკანონო პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რაზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრებიც პირდაპირ მიუთითებენ.
“რუსული ოცნება” ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს მიზანმიმართულად ეწევა და განზრახ არ ასრულებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12 რეკომენდაციას, რომელთაგან ერთ-ერთი მედიაგარემოს გაჯანსაღებასთან არის დაკავშირებული.
იმ ვითარებაში, როდესაც ნიკა გვარამია საპატიმროში ბიძინა ივანიშვილის პირად ტყვეობაში რჩება, რთულია ვისაუბროთ რაიმე წინგადადგმულ ნაბიჯზე.
ამ ვითარებაში, დროა, საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულოს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვასთან დაკავშირებით. მან საკუთარი სიტყვები ქმედითი ნაბიჯებითა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით უნდა დაამტკიცოს, რაც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს.
ვიკრიბებით 27 მაისის, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან! ერთად მოვითხოვოთ ნიკა გვარამიას თავისუფლება!", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 27 მაისს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.
იხილეთ ასევე: