27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

ერთი წელი ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან -ზუსტად ერთი წელია მთავარი არხის გენერალური დირექტორი ბიძინა ივანიშვილს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ყავს გამოკეტილი.

აბსურდული და სასაცილო საბაბით დაპატიმრებული გვარამიას საქმეს ამჟამად უზენაესი სასამართლო განიხილავს. სწორედ ამიტომ ნიკას მხარდამჭერი აქცია სწორედ უზენაეს სასამართლოსთან იმართება. ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა, მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა 27 მაისს, 18 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან აქცია დააანონსეს. მათი თქმით, მაშინ, როდესაც 31 მაისს დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში, პრეზიდენტი იქ უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და არა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი გზავნილებით: 

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები შევიკრიბეთ უზენაესი სასამართლოსთან, დღეს არის უკანონო პატიმრობის ერთი წელი, ვაპროტესტებთ უკანონო პატიმრობას და ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანას არანაირი მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა არ აქვს და სანქციებიც რომ არ ყოფილიყო შემოღებული მოსამართლეების მიმართ, ჩვენთვის ცხადია რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერავინ ვერ იპოვის. სამართალი არ არის არც ნიკასთვის, არც ჩვენთვის და საქართველოს არც ერთი მოქალაქისათვის, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს იმის რწმენა, რომ ჩვენ ბრძოლას აქვს აზრი და ჩვენი ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ნიკა მალე იქნება თავისუფალი თავისუფალ საქართველოში.

ჩვენ დღეს ვაანონსებთ, მომავალ დიდ აქციას, კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ. ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 6 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან და ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით, თუ ის ევროპარლამენტარებთან აპირებს გამოსვლას, ის უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველოში აღარ უნდა იყოს პოლიტპატიმრები, ეს გასაღები აქვს პრეზიდენტს ჯიბეში და მან უნდა გამოიყენოს და ჩემთვის ძნელი სათქმელია ვინ უფრო დამნაშავეა, ეს სასამართლო, რომელმაც არ შექმნა პალატა, დაარღვია ვადები და 22 ივნისს ბოლო თარიღი აქვს რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ეს უკანონობა დაამთავროს და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.  ჩვენ გავაპროტესტე უკანონო პატიმრობასაც და იმასაც, რომ ამ უკანონო პატიმრობას ჰყავს ხელისშემწყობები,

27-ში ყველა ერთად შევიკრიბებით პრეზიდენტის სასახლესთან და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ნიკა არ იქნება თავისუფალი და საქართველო არ იქნება თავისუფალი" განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

მედიამენეჯერისა და ოლიგარქიული რეჟიმის ყველაზე ხმამაღალი ოპონენტის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბრობს ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება.  

ნიკა გვარამიას დაპატიმრება დროში დაემთხვა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი