
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა იმყოფება. ამ წუთებში ის პრეზიდენტს ხვდება.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, ის მედიისთვის კომენტარსაც გააკეთებს.
კოლომინას უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი.
"საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან საქართველოსათვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული პრაქტიკული დახმარების გაგრძელება. შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილი ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესი", - აცხადებენ საგარეოში.
სხვადასხვა დროს კოლომინას არაერთი მკაფიო გზავნილი ჰქონდა. მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში რეფორმების ტემპების და დონის გამო, განსაკუთრებით გამოყო სასამართლო რეფორმა, ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსულ კანონთან დაკავშირებით და განაცხადა რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს სწორი საფუძველი მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.