
რადიკალური დესტრუქციული ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო ამდენი ხნის მანძილზე სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში და ომის თავიდან აცილება - ასე ეხმაურება, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციის კრიტიკას კატარში, ირაკლი ღარიბაშვილის პრორუსულ განცხადებებთან დაკავშირებით.
"რადიკალური დესტრუქციული ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო ამდენი ხნის მანძილზე სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში და ომის თავიდან აცილება. ეს ყოველწუთიერი შრომაა პრემიერისა და მმართველი პარტიის მხრიდან და ეს ყოველწუთიერი შრომა იმისათვის, რომ ომი იქნეს აცილებული კვლავ გაგრძელდება."-თქვა წულუკიანმა.
ღარიბაშვილმა კატარში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით პრეტენზიები პარტნიორებს წაუყენა ოკუპანტი რუსეთის ნაცვლად და ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის გამარჯვება.
ღარიბაშვილი უკრაინის 20%-ის ოკუპაციას სტატუსკვოდ მიიჩნევს და არა საერთაშორისო სამართლისა და აღიარებული საზღვრების ხელყოფად. ის აცხადებს, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს, რადგან მისთვის ამოსავალი პრინციპი ვაჭრობა და მატერიალური სარგებელია.
ღარიბაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობა დაადანაშაულა რომ უკრაინაში მშვიდობისთვის არაფერი კეთდება და ამ მხრივ მხოლოდ ჩინეთის პოზიცია აღმოჩნდა ღარიბაშვილისთვის მოსაწონი.