საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომის დაწყების დღიდან რუსეთმა უკრაინის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა და დღევანდელი სტატუს კვო ასეთია. მისივე თქმით, არავინ იცის როდის დასრულდება ომი.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა უნგრეთის პრემიერის განცხადებას, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს რუსეთთან ომში:
"შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია, ესაა დღევანდელი სტატუს კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მე მგონი, არც არავინ იცის", - თქვა ღარიბაშვილმა.
ფორუმზე ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საკმარისი ძალისხმევა არაა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. პრემიერმინისტრს ჰკითხეს - " არ გიკვირთ, რომ ამდენი ხანი გაძლო უკრაინამ?" რაზეც მან უპასუხა "მე მგონი ყველას უკვირს".
"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს პრობლემაა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს", - თქვა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ, ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ორივე მხარემ".