რუსული გამოცემა RTVI წერს, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსებისთვის თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს. გამოცემა ამბობს, რომ აღნიშნულზე მათ კომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ესაუბრა. მედია წერს, რომ გეგმებში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.
"ჩვენ დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით", - RTVI-ის ცნობით, განუცხადა მათ თამაზ გაიაშვილმა.
გაიაშვილი რუსულ გამოცემასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა "თბილად მიესალმა" გადაწყვეტილებას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე - " ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს შეწყდეს".
ის ვარაუდობს, რომ მოთხოვნა ფრენებზე ნელ-ნელა გაიზრდება. რუსულ გამოცემასთან მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზეც.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ Georgian Airways-ს ბოიკოტს უცხადებს და თავს შეიკავებს ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის აირზენას ხელში იქნება. საპასუხოდ გაიაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ და ბორტზე არ დაუშვებენ, ვიდრე ქართველი ხალიხს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის.