საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ადვოკატირების მიზნით, "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 8 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჯგუფი 22-25 მაისს, ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა. ისინი ევროკავშირის ინსტუტების შესაბამის წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეხვდნენ. არასამთავრობოების გზავნილია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.
"ღია საზოგადოება" ამბობს, რომ შეხვედრებზე შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა.
"ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული რიტორიკის დაუშვებლობას, რაც "რუსული კანონის" გაწვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.
"ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები", - ნათქვამია განცხადებაში.