
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. მათივე ცნობით, დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით.
ცნობისთვის, 15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა. 10 მაისს რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.
19 მაისს "აზიმუტმა" უკვე შესრულდა პირველი პირდაპირი ფრენა მოსკოვიდან. "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას მიესალმება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას და რომ არ აპირებენ რაიმე ზომის მიღებას, რადგან საკუთარ მოქალაქეებს სანქციას ვერ დაუწესებენ.