ან აზერბაიჯანის მოქალაქეობის მისაღებად მოგვმართავენ, ან ნახავენ რა იქნება. ჩემი სიტყვა საბოლოოა - ალიევი ყარაბაღის "ხელმძღვანელობას"

გამოქვეყნდა:

ან თავად ჩამოვლენ, ფიქტიურ თანამდებობებს დატოვებენ და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მისაღებად მოგვმართავენ, ან ნახავენ რა იქნება. ჩემი სიტყვა საბოლოოა - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ყარაბაღის "ხელმძღვანელობას" ბოლო გაფრთხილებას აძლევს.

ილჰამ ალიევი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელმძღვანელობას მოუწოდებს ჩაბარდნენ ბაქოს და აზერბაიჯანის კანონებს დაემორჩილონ, რის სანაცვლოდაც ისინი ამნისტიას მიიღებენ. 

ალიევი ამბობს, რომ მისი ეს შეთავაზება საბოლოოა და ამიერიდან ვეღარავინ ილაპარაკებს დამოუკიდებლობასა და ავტონომიაზე. 

თითქოს იქ ფუნქციონირებს პარლამენტი, თითქოს ჰყავთ პრეზიდენტი, მინისტრი. ეს ყველაფერი სასაცილოა. ჩვენ უბრალოდ მოთმინებას ვიჩენთ, თუმცა დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ამ რეგიონში ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება შეგვიძლია. ამიტომაც პარლამენტი უნდა იქნას დათხოვნილი. ელემენტი კი, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, უნდა ჩაგვბარდეს, დაგვნებდეს. ასევე, ყველა მინისტრმა, დეპუტატმა და სხვამ, პოსტები უნდა დატოვონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი რაიმე ამნისტიაზე. ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები ბაქოში ორჯერ იყვნენ მიწვეულნი, მესამედ აღარ მოვიწვევთ, ან თავად ჩამოვლენ, ფიქტიურ თანამდებობებს დატოვებენ და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მისაღებად მოგვმართავენ, ან ნახავენ რა იქნება. ჩემი სიტყვა საბოლოოა. " აცხადებს ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევმა ეს განცხადებები აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადასულ ლაჩინის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

ამჟამად სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობენ. 22 მაისს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი