დღეს, 5 აგვისტოს, დღის 2:00 საათზე მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართება - დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.
მხარეებმა შუამდგომლობები წინა სასამართლო პროცესზე დააყენეს, თუმცა პროცესის დასრულება ვერ მოესწრო, ამიტომ ამ სხდომა სწორედ დღეს გრძელდება. ბრალდებულთა ადვოკატების ერთი შუამდგომლობა გიორგი ქათამაძის, ვახო ახვლედიანის და გური ამირხანაშვილის ჩვენებების დაუშვებლობას ეხება, რადგან, უფლებადამცველთა თქმით, ამ პირებს ჩვენებები რამდენჯერმე აქვთ მიცემული და ყველა ჩვენება შეცვლილია, ამიტომ ისინი არასანდრო მოწმეებად არიან მიჩნეული.
ჩვენ მოვითხოვთ, შეწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმე და არ გადაეცეეს არსებითად განსახილველად სასამართლოს, - ამბობს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.
ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებებში განსხვავებები მხოლოდ გარემოებების დაზუსტებით არის გამოწვეული.
ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ უკმაყოფილო იყოს ბრალდებულის ადვოკატი დაზარალებულის ჩვენებით, - ამბობს იგი.
27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 სრულწლოვნის პირველი სასამართლო გაიმართა, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. მოსამართლე მაია ოშხარელმა 11-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ სხდომაზე 11-დან 8 დაკავებულმა წარდგენილი ბრალდება უარყო. ორმა საბურთალოელმა, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ კი დუმილის უფლებით ისარგებლეს, ხოლო ბრალი ნაწილობრივ აღიარა ირაკლი წაქაძემ.
31 ივლისს კი სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანიც წინასწრ პატიმრობაში დატოვა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.