უკრაინასა და რუსეთს შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები - უკრაინის საგარეო ინდონეზიის გეგმაზე

გამოქვეყნდა:

ინდონეზიის შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო ეხმაურება და წერს, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები. მისი თქმით , ომის დასასრულებლად მხოლოდ ერთი ქმედებაა საჭირო - დატოვოს რუსეთმა უკრაინის ტერიტორია სრულად:

"ინდონეზია მნიშვნელოვანი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, რომელიც ამჟამად ASEAN-ს თავმჯდომარეობს. გასულ წელს პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო - აზიის პირველი ლიდერი - ეწვია კიევს, რათა თავად ენახა რუსული აგრესიის შედეგები.

ჩვენ ვაფასებთ ყურადღებას, რომელსაც ინდონეზია იჩენს უკრაინაში მშვიდობის აღდგენის საკითხში, როგორც ჩანს, დასკვნები გამოაქვს საკუთარი ისტორიიდან.

ამასთან, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები. აგრესიული აქტის ჩადენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ დაიკავა ყირიმი, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟირსა და ხერსონის რეგიონების ნაწილები. ფაქტი გაეროს ოფიციალურ დოკუმენტებშია დაფიქსირებული.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არმია სჩადის ომის დანაშაულებს, დანაშაულებებს კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდს. რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინის ტერიტორიებიდან და უკრაინამ უნდა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. არ შეიძლება იყოს ალტერნატიული სცენარები.

ცეცხლის შეწყვეტა, ძალების 15-კილომეტრიანი გამიჯვნა და დემილიტარიზებული ზონის შექმნა არ იმუშავებს. რუსეთი ახლა ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს უკრაინის კონტრშეტევა. 

ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე, რუსეთს საშუალებას მისცემს იყიდოს დრო, გადაჯგუფდეს, მოიკიდოს ფეხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოიკრიბოს ძალა აგრესიის ახალი ტალღისთვის.

გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან. სწორედ ამას ისახავს მიზნად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა.
ჩვენ ვიწვევთ ინდონეზიას შეუერთდეს მის აქტიურ განხორციელებას." წერს ოლეგ ნიკოლენკო.
 

შეგახსენებთ, ინდონეზიამ უკრაინას თავისი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. ინდონეზიის გეგმის ძირითადი პუნქტებია: ცეცხლის შეწყვეტა, დემილიტარიზებული ზონის შექმნა სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ და ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“ გაეროს ეგიდით. თუმცა, რა იგულისხმება "სადავო ტერიტორიებში" ეს განმარტებული არ არის.

ინდონეზიის შეთავაზებას "რუსული ანალოგი" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის  აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი