ბეირუთის პორტთან ახლოს მომხდარ საზარელ აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა. დადგენილია სავარაუდო მიზეზიც - ლიბანის პრემიერმინისტრმა, ჰასან დიაბმა განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი პორტთან ახლოს მდებარე საწყობში არსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებაა.
ფადი ასლი, რომელიც 22 წელია უკვე საქართველოში ცხოვრობს, ბეირუთში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს. ტრაგედია მისთვის თავზარდამცემი იყო.
ფადი ასლის ოჯახის წევრები კათოლიკეები არიან. აფეთქებას მუსლიმებთან ერთად ქრისტიანები და ებრაელებიც ემსხვერპლნენ.
რელიგიური შუღლი ლიბანში მთავარ პრობლემად რჩება. ომი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, 15 წელი გრძელდებოდა. 1990 წელს დასრულდა ტყვიების ზუზუნი, მაგრამ არსად გამქრალა შუღლი, რომელმაც ლიბანური საზოგადოება არაერთხელ გახლიჩა და სისხლისღვრამდე მიიყვანა. "მთავარი არხი" ესაუბრა ბეირუთშ მცხოვრებ მუსლიმ გოგოს, რომელიც ამბობსმ, რომ ოთხი აგვისტოს აფეთქებამ ბეირუთელებში სამოქალაქო ომის მიძინებული შიში გააღვიძა
არსებობს კიდევ ერთი, ნაკლებად სანდო და ამასთან, არაოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც, ამონიუმის ნიტრატის საწყობი „ჰეზბოლლას“ ტერორისტებმა ააფეთქეს. 2005 წელს, ამ ადგილას, შიიტური „ჰეზბოლლას“ ტერორისტებმა ლიბანის სუნიტი პრემიერი, რაფიკ ჰარირი მოკლეს, დღეს კი, 5 აგვისტოს, დამნაშავეთა სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ იყო ეს „ჰეზბოლლას“ მხრიდან სასამართლო პროცესის ჩაშლის მცდელობა?
მომხდართან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. დონალდ ტრამპი ლიბანში მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზად თავდასხმას განიხილავს და ოფიციალურ ბეირუთს კვალიფიციურ გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს.
ლიბანის პრემიერმა, ჰასან დიაბმა, 4 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბეირუთში, პორტში მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ესხვერპლა, 4000-მდე კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.
ავტორი: ბექა ყორშია