
ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებებს "ამერიკის ხმასთან" გამოეხმაურა.
დენიელ ფრიდის თქმით, პრემიერის განცხადებები მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია რეალურად ისაა, რომ ქვეყანა უარს იტყვის დასავლეთთან შეერთებაზე.
"საქართველოს პრემიერმინისტრი იმეორებს ფორმულირებას, რომ საქართველოს ნატოს წევრობა სურს, მაგრამ თუკი შენ მანამდე თქვი, რომ უკრაინის ნატოში წევრობის სურვილი ომის დაახლოებითი მიზეზია და გარკვეულწილად რუსეთის პროვოცირება გასაგები იყო, ეს ძირს უთხრის იმ წინა განცხადებას, რომ ნატოში წევრობით ხარ დაინტერესებული. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის რეალური პოზიცია ისაა, რომ საქართველო უარს იტყვის მის საბოლოოო მიზანზე, რომ შეუერთდეს დასავლეთს. ამის ნაცვლად კი მოძებნის უფრო ნაკლებ ადგილს რუსეთის მიერ დომინირებულ გავლენის სფეროში. ჩვენ კი ვიცით, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში: ეს ნიშნავს სიღარიბეს, კორუფციას, იზოლაციას. და ეს სამწუხაროა", - ამბობს ფრიდი "ამერიკის ხმასთან".
ფრიდის აზრით, საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს სულაც არაა დაინტერესებული. ღარიბაშვილის განცხადებები კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო თუ ფორმალურად არა, რეალობაში მაინც, ნატოს წევრობით აღარაა დაინტერესებული. "არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება".
"სად ხედავს „ქართული ოცნების“ მთავრობა საქართველოს მომავალს - დასავლეთთან თუ მოსკოვთან? დიახ საქართველო რთულ გეოგრაფიულ ადგილასაა, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოს შფოთვა მოსკოვის მიმართ სინამდვილეში არათუ არ გააძლიერებს მის პოზიციებს, არამედ - დაასუსტებს", - თქვა მან.