გოგი თოფაძე ნინო ქადაგიძეს შეხვდა. საუბრის შინაარსი უცნობია, თუმცა შეხვედრის შემდეგ ლევან თოფაძის ბაბუა ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის ბრალის დამძიმება საქმის მასალებიდან გამომდინარე მოხდა და არა იმიტომ, რომ თოფაძეებმა მოითხოვეს.

ჩემთან მოვიდა კაბინეტში, იყო და თავისი ქალიშვილიც იყო. ვილაპარაკეთ. ვუთხარი, რომ არ არის ყველაფერი ესეთი მარტივი. ვუთხარი, რომ ჩემი შვილი ჯერ კიდევ ძალიან მძიმედ არის, როცა ადგება, ერთი კვირა, მერე მოდი და დამელაპარაკე, და რაც თქვენმა შვილმა გააკეთა, ეს ჩემთვის ყველაფერი არის ცნობილი, - ამბობს თოფაძე. 

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთიძის თქმით, რა მოლაპარაკებაც უნდა შედგეს, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქმის კვალიფიკაციაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. 

ბრალდება უნდა ფორმულირდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, დაახლოებით, წინასასამართლო სხდომამდე, სადაც დეტალურად მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოძებნა, დამატებითი პირების გამოკითხვა და ამის საფუძველზე მივა, შესაბამის დასკვნამდე, რა სახით უნდა იყოს ბრალი წაყენებული, - თქვა უფლებადამცველმა.    

ნინო ქადაგიძესთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, ბიზნესმენის შვილიშვილი ლევან თოფაძე, პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, თოფაძეების სახლში ცივი იარაღით დაჭრა. 

დაპირისპირება ბიზნესმენისა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის სახლში 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შსს-მ ზურაბ ჟვანიას შვილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ თოფაძეების სახლში, იქ, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა. ბიზნესმენი გამოძიებას თხოვნით მიმართავს, რომ დროულად მოხდეს სახლის დათვალიერება, სადაც, მისი თქმით, ბევრი მტკიცებულება და სისხლის კვალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი