გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. გუშინ, 2 აგვისტოს გვიან ღამით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ფაქტის თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გამოკითხეს.
გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია, რა კითხვებიც ჰქონდათ, ჩვენ მივაწოდეთ, დეტალებზე ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ, - თქვა აბაშიძის ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა.
დაპირისპირება გოგი თოფაძის შვილიშვილსა და ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილ ბესარიონ ჟვანიას შორის, 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. რა გახდა ამის მიზეზი, სავარაუდოდ, დაჭრილი თოფაძის გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. ექიმების ინფორმაციით, თოფაძეს ჭრილობა ფილტვისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ლევან თოფაძეს ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა და ის მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.
პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ ზურაბ ჟვანიას შვილი 2 აგვისტოს დააკავა.