წინასაარჩევნო მოსყიდვა თუ მოსახლეობის დროული დახმარება - შეფასებები სოცდახმარების მორიგი ტალღაზე

გამოქვეყნდა:

მთავრობას დღეს სოციალური დახმარებების მორიგი ტალღა გამოაცხადა. გიორგი გახარიას განკარგულების თანხამად, 200 ლარს მიიღებს საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, 300 ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ თვითდასაქმებულებს, რომელთავ პირველ ეტაპზე დოკუმენტები ჯეროვნად ვერ შეავსეს, ასევე მთავრობა დაეხმარება სტუდენტებსაც, რომელთა სოციალური ქულაც 150 ათასზე ნაკლებია. გახარიას ახალი სოციალური პაკეტი ოპოზიციის ნაწილმა უკვე მონათლა ამომრჩევლის მოსყიდვად, რადგან ხელისუფლებას ფული მაშინ უნდა გაეცა, როცა ეკონომიკა დაკეტილი იყო, ხალხი შიმშილობდა, და არა წინასაარჩევნოდ. 

ვამბობდით, რომ წინასაარჩევნოდ ექნებოდათ გადამალული ეს ფული და სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებენ გაცემას ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე. ეს სწორია, მაგრამ უდიდესი ნაწილი ამ დახმარების მიმღები იქნება "ოცნების" აქტივი, მათი კოორდინატორები. ამავე დროს დაიწყებენ ადამიანებზე ზეწოლას და 300 ლარიანი დახმარების მიცემას, თუ ისინი ოცნების შტაბში მიიღებენ მონაწილეობას, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

მისი თქმით, ეს ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა, რადგან მთავრობამ ფული ახლა, წინასაარჩევნოდ გასცა და არა მაშინ, როდესაც მოსახლეობას დახმარება კიდევ მეტად სჭირდებოდა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მთავრობა აგრძელებს თავის მოწონებას, რომ აი, თითქოს ოპოზიციის რჩევას ვასრულებთ.

ოპოზიციის კი არა, ხალხის მოთხოვნაა, რომ შეწყვიტეთ ხალხის ხარჯზე ჩვენი ფულის ფლანგვა და შანსის წართმევა ადამიანებისთვის, რომ თავისი შრომით გამოვიდეს სიღარიბიდან - დაწიეთ გადასახადები, მიეცით შანსი, რომ საპენსიო ფონდიდან თავისი არჩევანით გამოიყენონ ფული, - ამბობს ბოკერია. 

მისი თქმით, სქემა, რომ მთავრობა ხალხს ფულს წაართმევს და მის მცირე ნაწილს წინასაარჩევნოდ გადაუგდებს, არ იმუშავებს და ეს უბრალოდ ქვეყნის მოსახლეობის დამცირებაა.    

მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, სოციალური დახმარების მესამე ეტაპს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს. პრემიერის თქმით, დახმარებების პაკეტი ასე ადრე იმიტომ დააანონსეს, რომ ქვეყანას უპასუხისმგებლო ოპოზიცია ჰყავს. 

რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი იხსენებს ბრალდებებს, თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ იყენებდა მის ხელთ არსებულ რესურსებს მოსახლეობის დასახმარებლად. 

ყოველგვარი სპეკულაციები, ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ღონისძიებებს აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, არის აზრს და საფუძველს მოკლებული, - განაცხადა მან. 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აპელირებას აკეთებს stopcov.ge-ს ფონდზე, რომელიც ახლა 135 მილიონ ლარამდეა და აღნიშნავს, რომ მისი უდიდესი ნაწილი წავა ბავშვების დახმარებაზე. 

თქვენ იცით, როგორ ფორმირდებოდა [stopcov.ge-ს ფონდი] და ვინ იყო მთავარი შემომწირველი, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ სოციალური დახმარების მესამე ეტაპის დაფინანსებისთვის, საჭიროა მთლიანად 410 მლნ ლარი, რომლიდანაც ნაწილი stopgov.ge-ს ფონდიდან გამოიყოფა, ნაწილი კი ბიუჯეტიდან. აქედან დახლოებით 200 მილიონი ლარი მოხმარდება კომუნალური გადასახადების კომპენსაციას, 170 მილიონი ლარი კი ბავშვების დახმარებას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი