არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრემიერ მინისტრმა სოციალური დახმარების მესამე ტალღა დააანონსა. დღეს, 6 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან ისაუბრა კონკრეტულ ჯგუფებზე გასაცემი დახმარებების შესახებ. დახმარებების მესამე ეტაპი შეეხო თვითდასაქმებულებს, ბავშვებსა და სტუდენტებს და კომუნალურ გადასახადებს მთელი მოსახლეობისთვის.
ოპოზიცია მთავრობის ამ ნაბიჯს წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ეს წინადადებები გახარიამ მოახლოებული არჩევნების და წაგების შიშის გამო გააჟღერა. მისი თქმით, ეს დახმარებები აბსოლუტურად არის აცდენილი მოსახლეობის საჭიროებებს.
დახმარებების გარდა, ბატონმა გახარიამ თუ შეიძლება აუხსნას მოსახლეობას, რა არის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც შეეხება ბიზნესის გახსნას, იმ პირობების შექმნას, რაც ბიზნესს მისცემს გადარჩენის შესაძლებლობას, რადგან ქვეყნის ტურისტებისტვის თუ ვიზიტორებითვის გახნის პოლიტიკა არის სრულიად აუხსნელი, - თქვა სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, "ოცნებამ" თითქმის ორჯერ გაღარიბა ქვეყანა, ამ ფონზე კი გახარიას ვითომ წყალობა ფარისევლობა და ტყუილიაა.
ხალხნო, თუ გინდათ ასეთ, პირდაპირ ვთქვათ, ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ესე, როგორც მთელი წლის განმავლობაში სახრეს ურტყმდით, უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ. ეს მთავრობა სხვაზე არ რეაგირებს. ამიტომ გამოართვით ყველას ყველაფერი, იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას ან ივანიშვილს, - თქვა მან.
ამის საპასუხოდ პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ არანაირ მოსყიდვას ადგილი არ აქვს.
ხომ გვესმის, რომ მსგავსი სპეკულირებები იქნებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ადრე, თორემ გონივრულად რომ წავსულიყავით და ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული, ეფექტიანი ოპოზიცია გვყავდეს, ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო აგვისტოს ბოლოს, ცოტა ვიჩქარეთ, - თქვა გახარიამ.
მისი თქმით, ამ დახმარების მიზანი არის კონკრეტული ფართო სოციალური ჯგუფების, პირველ რიგში კი ბავშვების დახმარება.
სოციალური დახმარების მესამე ეტაპის დაფინანსებისთვის, პრემიერის თქმით, საჭიროა მთლიანად 410 მლნ ლარი, რომლიდანაც ნაწილი stopgov.ge-ს ფონდიდან გამოიყოფა, ნაწილი კი ბიუჯეტიდან.