
კომპანია "გერას" დირექტორი, თამარ ბერუკაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან მათი ავტორ- შემსრულებლებისთვის თანხას იღებენ.
როგორც ბერუკაშვილი განმარტავს, "გერას" ურთიერთწარმომადგენლობის 4-წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც მათ არასდროს არ უარუყვიათ.
"გერას 4 წელია აქვს ხელშეკრულება ურთიერთწარმომადგენლობის გაფორმებული, რაც ჩვენ არასოდეს, არცერთ ეტაპზე არ უარგვიყვია და არ გვითქვამს რომ არ გვაქვს ასეთი ხელშეკრულება, ჩვენ გვაქვს ეს ხელშეკრულება და რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი ავტორ შემსრულებლებისთვის დიახ, მოგვაქვს თანხა," - ამბობს თამარ ბერუკაშვილი.
ბერუკაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ წერილზეც, რომლის მიხედვითაც "გერა" რუსულ კომპანიას საქართველოს გავლით ევროპელი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხის მიწოდებაში ეხმარებოდა და თქვა, რომ არცერთ კომპანიას ამგვარი მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავს.
"ნანახი მაქვს ეს წერილი, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთიდან გაძნელებული იყო თანხის გადარიცხვა და ევროპელი ავტორ-შემსრულებლებისთვის თითქოს თანხა უნდა მიეწოდებინათ საქართველოს გავლით. თუმცა, ამაზე არცერთი ევროპული ქვეყნის ასოციაციას ჩვენთვის არ მოუმართავს, არც "რაო" ჩვენთვის ამისთვის არ მოუმართავს," - ამბობს "გერას" დირექტორი.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტში უკვე დაწყებულია. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, იგი მოელის რომ კანონპროექტი ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე გავა, ორ კვირაში იგი მეორე მოსმენით დამტკიცდება, ხოლო ერთ თვეში საბოლოოდ იქნება მიღებული.
კომიტეტს ესწრებოდნენ ის ხელოვანები, რომლებიც "გერას" რეგისტრაციას უჭერენ მხარს. როგორც ისინი ამბობენ, მათთვის არ არის პრიორიტეტი "გერას" რუსული წარმომავლობის შესახებ არსებული კითხვები, მათი თქმით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ საიდან მიიღებენ ისინი ჰონორარს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საავტორო უფლებების ასოციაციამ ბრიფინგი გამართა, სადაც მათ კომპანია "გერას" რუსული გავლენების შესახებ ისაუბრეს. როგორც გიგა კობალაძე ამბობს, "გერა" არის კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციას სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
საავტორო უფლებების ბრიფინგის საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტთან "გერას" მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი