16 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მობილური ინტერნეტით სარგებლობას პლენარულ სხდომაზე, რომელზეც სიტყვით პუტინი გამოდის - ვერ შეძლებენ. "მედუზა" წერს, რომ ღონისძიების დროს კომუნიკაციები შეფერხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული დრონებით შესაძლო თავდასხმები.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა ერთ-ერთი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის თანამშრომლის, ასევე ფორუმის მონაწილეზე მითითებით ავრცელებს ცნობას, რომელმაც ეს ინფორმაცია ორგანიზატორებისგან შეიტყო.
ციფრული განვითარების სამინისტროს ბრძანებით, ინტერნეტი ადგილობრივად გაითიშება - მხოლოდ ექსპოფორუმის საკონვენციო და საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც SPIEF სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ტარდება.
როსკონგრესის პრესსამსახურმა, რომელიც აწყობს ფორუმს, განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო შესაძლებელია მობილური ინტერნეტის შეფერხება.
"მობილური ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე ტექნიკური სამუშაოების გამო, 2023 წლის 16 ივნისს SPIEF-ის ადგილზე დროებით არ იქნება ინტერნეტთან წვდომა მობილური მოწყობილობებიდან", - ციტირებს ორგანიზატორების განცხადებას რუსული სამთავრობო მედია - TASS.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, SPIEF-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა ანტონ კობიაკოვმა განაცხადა, რომ ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ SPIEF2023 პროექტის Wi-Fi ქსელით.
ცნობისთვის, პუტინის მისვლის გამო ევრაზიის კონგრესზე 7-დან 9 ივნისამდე, სოჭსა და ადლერში, ინტერნეტთან წვდომა შეიზღუდა. ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ქალაქში LTE ქსელების გათიშვის გამო, აპლიკაციები და საბანკო ბარათები არ მუშაობდა ფიჭური კომუნიკაციით ზარები კი თითქმის არ სრულდებოდა.