დღეს დილიდან ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზებით სემინარი უნდა ჩატარებულიყო, 60-მდე მოძალადე მიიჭრა, რომლებიც ისვრიან ქვებს და იმუქრებიან. ადგილზე იმყოფება "ქართული ოცნების" პროპაგანდისტი ვატო შაქარიშვილიც POST TV-სთან ერთად.
იქამდე კი, გორში თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს. პარტიის წევრების ინფორმაციით, მან დაზიანებები მიიღო თვალის არეში.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, ვატო შაქარიშვილმა მომხდარის ზუსტი დეტალები სოციალურ ქსელში აღწერა და ძალადობის წამახალისებელი პოსტი დაწერა. აღსანიშნავია, რომ დეტალები, რაზეც შაქარაშვილი საუბრობდა, ემთხვეოდა იმ პირების მონაყოლს, რომლებიც თავდასხმის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. კერძოდ, შაქარაშვილი წერდა:
ზურა გირჩი შარვალჩახდილ ჯაფარიძე მიდიოდა ბორჯომში ახალგაზრდების მოსაწამლად(ტრენინგის ჩასატარებლად).
გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც იფიქრა მესალმებაო და ცვხირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება!
დარჩნენ ბავშვები “განათლების” გარეშე…
მოგვიანებით, პარტიის წევრებმა დაადასტურეს, რომ თავდამსხმელები აქცენტს აკეთებდნენ ეკლესიასა და პატრიარქზე.
"როგორც ვიცი, [ჯაფარიძეს] უთხრა, რომ პატრიარქს როგორ აგინებ", - ამბობს, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ფიქრობენ, რომ დღევანდელი თავდასხმა ორგანიზებული იყო. მათივე ინფორმაციით, პარტიის წევრებს ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ.
ამ ფონზე საგულისხმოა "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობის წამახალისებელი განცხადებები "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიმართ. პარტია "ოცნების" სამიზნე არაერთხელ გამხდარა. "ოცნებისა" და დღეს მოძალადე მობილიზებული ჯგუფების ნარატივი, მათ შორის, ეკლესიაზე ერთმანეთს ემთხვევა.
ამის მაგალითია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საზოგადოებამ "გირჩი-მეტი თავისუფლების" საქმიანობა უნდა "დაგმოს და ხმა აიმაღლოს".
"რაც შეეხება იმას, რომ თქვენ ახსენეთ ყველაზე სამაგალითო ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა, რაღაც ნეოფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიც არის „გირჩი“,რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი გააკეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო, არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, გასაბერი ეკლესიები მოიგონეს. შემდეგ თქვეს ფარისევლური რაღაც, ვითომ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ და ა.შ. აღარ მინდა ამას გავყვე. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ათი ათასი ახალგაზრდა შეაცდინეს იმისთვის, რომ ჯარში არ წასულიყვნენ. ამის შემდეგ, ეს ადამიანი გახსოვთ, რომ ბოლო პერიოდში გამოდიოდა და ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს და მათ სთავაზობდა მათ შორის, იარაღის სწავლებას და ა.შ. ეს ყველაფერი გასაგებია, ამ ადამიანების 1%-იანი, 2%-იანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით. მე მინდა ეს ყველას ვუთხრა და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ეს არის დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა - ჩვენი პოლიცია არის ხელშეუხებელი, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურები, ვინც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს. ვინც მათზე თავდასხმას ახორციელებს, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას...
ყველა ის ადამიანი, არ მინდა გავიმეორო, რომელიც ჩვენ გმირ, საამაყო პოლიციას, რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს და მითუმეტეს, როგორც ეს გაკეთდა და გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს აი, ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი, ეს იცოდეს ყველამ, - თქვა ღარიბაშვილმა 6 ივნისს ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას.