Facebook და TikTok პლატფორმებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს აჯარიმებენ - საია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, ონლაინ სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო ადამიანების დაკავების, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების ტენდენცია გამოიკვეთა - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვარტალურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, დაჯარიმება მოხდა ორ შემთხვევაში, Facebook და TikTok პლატფორმებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო. მოსამართლემ ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააჯარიმა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფას გულისხმობს.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტს 2 000 ლარით დააჯარიმა კურიერი Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. ვიდეოს ავტორი აკრიტიკებს პოლიციელებს, ბასლაინში მოძრაობის გამო - "შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ". მოსამართლემ TikTik-ი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ჩათვალა, ხოლო პოლიციელთა მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას "სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფა" უწოდა.

"ხსენებული გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს", - წერს საია.

მეორე შემთხვევაში მოქალაქე სოციალურ ქსელ Facebook-ზე, კვლავ სამართალდამცავთა მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა.

ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის დადგენილებით, ძალაში დარჩა ბათუმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ 166-ე მუხლთან მიმართებით,  ამ შემთხვევაშიც განმარტა, რომ სოციალური ქსელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და "ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები". მოსამართლემ ასევე მიუთითა, რომ "ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას".

"სასამართლოს შეფასებით, „საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის  აუცილებელი, ფიზიკურად შეესწრონ ამ ფაქტს, მაშინ, როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში", - წერია ანგარიშში.

სასამართლომ თქვა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობის ფორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი