მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში, ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს.
განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჰააგადან, საგანგებო ჩართვის დროს გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილი დავალებით, თეა წულუკიანისა და სუს-ის უშუალო მონაწილეობით, წლების განმავლობაში ცდილობდა სწორედ ქართველი ჯარისკაცები დაედანაშაულებინა ომის დანაშაულში.
საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა საქარველოს შეიარაღებულ ძალებს და გაამტყუნებდა ქართველ ჯარისკაცებს. პირადად ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისიტრმა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ რუსეთის გეგემები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო როგორც მინიმუმ ორივე მხარე. ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით. მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას - დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა.170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია.
ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.
ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.