შეფასება ლაჩრობაზე სააკაშვილსა და მის ამფსონებს ეკუთვნოდა - რიჟვაძე

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ის ამტკიცებს, რომ კომენტარი აგვისტოს ომის "ლაჩრულად" წაგების შესახებ, ეხებოდა არა ჯარისკაცებს, არამედ მესამე პრეზიდენტსა და "მის ამფსონებს". 

რიჟვაძემ თქვა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული.

"ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს, თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავდადებით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართველი ჯარი და ხალხი და ბოლოს უკვე ნებაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით, სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა", - ამბობს თორნიკე რიჟვაძე. 

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომზე ისაუბრა და მას "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა. რიჟვაძის ამ კომენტარს კრიტიკა მოჰყვა 2008 წლის ომის მონაწილეებისგან. ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელისგან ბოდიშს მოითხოვენ, თუმცა რიჟვაძეს ბოდიში ამ დრომდე არ მოუხდია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი