
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" განცხადებაზე, რომ იწყებენ კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომ სამივე ინსტანციის მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციები დაეკისროთ.
"მე მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცადეს უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და გარკვეული სანქციის დაწესება, ვიზიტზე უარის თქმა. ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცედენტი. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, ვერავის ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, იმის საშუალებას, ბუნებრივია სხვასაც ვერ მივცემთ. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულ 2012 წლამდე. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა, ვგულისხმობ ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული და ჩვენ დღეს იგივე ნაცმოძრაობას და იგივე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით",- თქვა კობახიძემ.
იხილეთ ასევე: