აგვისტოს ომი და რუსული პროპაგანდა - მიხეილ სააკაშვილმა ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა

გამოქვეყნდა:

2008 წელს საქართველოში რუსული ინტერვენციის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოშია. გავლენიანი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი საქმეში მესამე პრეზიდენტის თხოვნით ჩაერთო. ომიდან 12 წლის შემდეგ გაეროს ყოფილი პროკურორის, პროფესორ ახავანის ხელმძღვანელობით მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ქართველ ჯარიკაცებს საერთაშორისო დანაშაული არ ჩაუდენიათ, შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს ომგამოვლილი ქართველი გმირებისთვის, რომლებიც სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში არიან.

დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილით მტკიცდება, რომ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ, უშუალოდ იყვნენ ჩართული საომარ მოქმედებებში და ფარტომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებამდე, სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. 

აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ, ქართველი ჯარისკაცები ისევ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში არიან. რუსული პროპაგანდა მუდმივად ცდილობს საკითხი მხოლოდ პრიმიტიულ შეკითხვამდე დაიყვანოს, ვინ დაიწყო ომი და ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულოს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დამოუკიდებელი ექსპერტები დაიქირავა, რომლებმაც ამ საკითხზე თებერვლიდან იმუშავეს და დაასკვნეს, რომ ქართველ ჯარისკაებს საერთაშორისო დანაშაული არ ჩაუდენიათ, რომ საომარ მოქმედებებში უშუალოდ იყვნენ ჩართული რუსი სამხედროები. ეს დასკვნა 12 წლის წინანდელ სქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდს ობიექტურად და პროფესიულად აღწერს.

საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა საქარველოს შეიარაღებულ ძალებს და გაამტყუნებდა ქართველ ჯარისკაცებს. პირადად ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისიტრმა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ რუსეთის გეგემები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო როგორც მინიმუმ ორივე მხარე. ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით. მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას - დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 2008 წლის  7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმსხვერპლა.170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაშივე დევნილობაშია 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი