"ეს პრეზიდენტისგან თამამი, პოზიტიური გადაწყვეტილებაა...", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "მთავარ არხთან" საუბრობს.
პირველ რიგში გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას. ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როდესაც ის ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკას შეწყალებას აპირებდა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ.
ნამდვილად კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ და კომისია ამჯერად შესთავაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.