საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას მიესალმება.
ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის, სკოტ გრიფონის განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა და ახლახან გაუქმებული "უცხოური გავლენების აგენტების" შესახებ კანონპროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საქართველოს ერთგულებას ფუნდამენტური უფლებებისადმი.
მათივე თქმით, ევროკავშირის პოტენციური კანდიდატ ქვეყანაში არ არის ადგილი ჟურნალისტების დაპატიმრებისთვის.
"მივესალმებით საქართველოს მიერ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, დასტურია საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობისა, რომელიც აგრძელებს მისი თავისუფლების ადვოკატირებას, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საქართველოში.
გვარამიას დაკავება, ახლახან გაწვეული "უცხოური გავლენების აგენტების" კანონპროექტთან ერთად, იწვევდა სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მიერ ფუნდამენტური უფლებებისადმი ერთგულების მხრივ, რადგან ის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაში არ არის ადგილი ჟურნალისტების დაპატიმრებისთვის ან მედიის შევიწროებისთვის", - წერს IPI.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.