"მივესალმებით ნიკა გვარამიას შეწყალებას... საქართველოს მომავალი ევროკავშირშია", - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის მფლობელის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ბ-ნი გვარამიას სასამართლო პროცესმა და გასამართლებამ გააჩინა კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეთრინ კოლონამ 28 აპრილს თბილისში ვიზიტისას გაიმეორა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა პოლიტიკურ ძალას, გაერთიანდნენ რეფორმების დასაჩქარებლად, განსაკუთრებით კი ფოკუსირდნენ ევროკომისიის მიერ 21 ივნისს წარდგენილ ზეპირ მოხსენებაში გამოვლენილი თორმეტი ძირითადი პრიორიტეტის განხორციელების პროგრესზე, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.