შესაბამის სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე თქვენ, არ უნდა ავყვეთ ემოციებს | კალაძე საზღვრების ჩაკეტვაზე

გამოქვეყნდა:

"შესაბამის სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე თქვენ, არ უნდა ავყვეთ ემოციებს", - ასე პასუხობს თბილისის მერი კითხვას, რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უსაფრთხოხოების საბჭოს შეკრებისა და საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნის შესახებ. 

კახა კალაძე პრეზიდენტის, ოპოზიციის ლიდერებისა და საზოგადოების მოთხოვნებს "ემოციურს" უწოდებს. 

"პირველი - დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ბევრი ფეიკ და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. აქედან გამომდინარე, რაღაც ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა, მერწმუნეთ, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ვიდრე თქვენ, ვიდრე მე და ნებისმიერ მოქალაქეს. შესაბამისად, როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა, ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ეს რა თქმა უნდა, ხდება კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც არის უტყუარი და შესაბამისად, სწორი ანალიზის გაკეთება ხდება და ამის შემდეგ ხდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ან გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ახლა შემოვიფარგლოთ იმით, რომ სოც-მედიაში და ზოგადად მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხომ გაუგებარია, ვის რა ინტერესი აქვს და ვინ რა ინტერესით ავრცელებს საკითხებს. ძალიან ბევრი ფეიკ ინფორმაცია ვრცელდებოდა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და არ უნდა ავყვეთ ემოციებს. ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებები, თუ ჩვენს წარსულს და უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ძალიან ბევრი გვაქვს. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებებმა რამდენიმე ათეული წლით დახია ჩვენი ქვეყანა უკან, ამიტომ არ გვჭირდება ემოციები, გვჭირდება მსჯელობა, ცივი გონება და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამხედრო ამბოხების ფონზე, გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი დღის წესრიგში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციის ლიდერებმა დააყენეს. საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია კი თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი