
„ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთადერთი დამსახურება კონგრესის გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გაუჩნდა.
ბაქრაძე ამბობს, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი არის საქართველო და არა „ქართული ოცნება“.
ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ, თუ გადახედავს 8, 10, 12 წლის წინანდელ განცხადებებს და რეზოლუციებს შეერთებული შტატების კონგრესის, დაინახავს, რომ შეერთებული შტატების კონგრესი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ნატო-ში გაწევრიანების პროცესში და დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურება“ არის ის, რომ დღეს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების კონგრესს გააჩნია ისეთი კითხვები, როგორიც არ ჰქონდა არასდროს.
დიახ, საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, დიახ, ქართველი ხალხი იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ დღეს კონგრესი პირობით გვიჩერებს ქართველი ხალხისთვის გამოსაყოფ დახმარებას. ასე რომ, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი“- ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი.
ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს, საქართველოს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი არ ემუქრება - ეს განცხადება გიორგი გახარიამ დღეს, მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა.
გახარია ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის გაცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი - ეს განცხადება კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ოკუპაციამ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელი არ უნდა შეუშალოს.