ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ამ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გეგმავს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს შეცვლას. ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსები ყოველდღიურ მოხსენებაში წერენ.
"ამჟამად უცნობია, ჩაანაცვლებს თუ არა კრემლი შოიგუს და გერასიმოვს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი დაუყოვნებლივ განახორციელებს ასეთ მკვეთრ ცვლილებებს, რადგან ეს, როგორც ჩანს, თანხმობაშია პრიგოჟინის მოთხოვნებთან", - ნათქვამია ანგარიშში.
24 ივნისს რუსეთში მომხდარი სამხედრო არეულობის შემდეგ, რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრის შეცვლას გეგმავდა. გავრცელებული ცნობით, სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, ალექსეი დიუმინს უნდა შეეცვალა. დიუმინი პუტინის უახლოესი გარემოცვის წვერია, წლების განმავლობაში ის ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოებას პირადად აკონტროლებდა.
გარდა ამისა, ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, პუტინის გუშინდელი მიმართვა აჩვენებს, რომ მას ვაგნერის დაჯგუფება უკრაინაში ომის გასაგრძელებლად სჭირდება და არ აპატიებს მათ, ვინც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაწევრიანების ნაცვლად, ბელარუსში პრიგოჟინთან წავიდა.
"26 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოსვლისას ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი ვაგნერელი დაერწმუნებინა შეერთებოდა რუსეთის ჯარს და გაეგრძელებინათ ბრძოლა უკრაინის წინააღმდეგ.
პუტინმა შეაქო ვაგნერის მეთაურების მუშაობა და ალბათ, ცდილობდა მათ შენარჩუნებას, როცა ვაგნერი თავდაცვის სამინისტროში იქნება ინტეგრირებული", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.
რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.