„რეტროს“ მფლობელი ორჯერ ნასამართლევია, თუმცა დაკავებული არ არის - პროფკავშირები ვარშანიძეზე

გამოქვეყნდა:

რესტორან "რეტროს" მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, რომელმაც რესტორანში დასაქმებული მიმტანის ცემის ფაქტზე იყო დაკავებული, ორჯერ არის ნასამართლევი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. 

როგორც პროფკავშირები წერს, ვარშანიძე 2016 წელს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და თურქეთიდან საქართველოში შემოტანის მუხლით, 2023 წლის 26 აპრილს კი სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო იყო ნასამართლევი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

მათვე ცნობით, ორივე შემთხვევაში, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

პროფკავშირების გაერთიანება საგანგაშოდ მიიჩნევს თეიმურაზ ვარშანიძის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობისას გირაოს გამოყენებას. 

"პროფკავშირების გაერთიანება საგანგაშოდ მიიჩნევს თეიმურაზ ვარშანიძის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობისას გირაოს გამოყენებას, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა სულ რაღაც 2 თვის წინ შრომის კანონმდებლობის ისეთი დარღვევა ჩაიდინა, რამაც, სამწუხაროდ, ფატალური შედეგი გამოიწვია.

შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით მომუშავე დამსაქმებელთან ისეთი საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომელიც ჩადენილ დანაშაულთან შედარებით ზედმეტად მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებდა. სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მძიმე სტატისტიკის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის პოლიტიკაც უნდა იყოს სათანადოდ მკაცრი. ასეთი მსუბუქი სასჯელი ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას და როგორც აღმოჩნდა, არც აღმოჩნდა თეიმურაზ ვარშანიძისთვის დამაბრკოლებელი, შეეწყვიტა შრომის კანონმდებლობის დარღვევა.

საგულისხმოა, რომ რესტორან „რეტროში“ მომხდარი ფაქტი არ არის ერთი იზოლირებული შემთხვევა, ის ასახავს მომსახურების სფეროში, საქართველოში არსებულ შრომით-უფლებრივ მძიმე დარღვევებს.

პროფკავშირების გაერთიანება მოუწოდებს:

პროკურატურას ბრალდებულის წინასასამართლო სხდომამდე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თეიმურაზ ვარშანიძის დაპატიმრება განაჩენის გამოტანამდე. ასევე, ზოგადად, გაამკაცროს სისხლის სამართლის პოლიტიკა დანაშაულების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია შრომის კანონმდებლობის დარღვევით;

სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს, არ აღუდგინოს საქმიანობა შპს „რეტროს“ და შპს „რეტრო 2-ს“ მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ყველა დარღვევა და სრულად არ შესრულდება გაცემული მითითებები", - წერს პროფკავშირების გაერთიანება განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ვარშანიძე 2023 წლის 4 ივნისს "რეტროს" მიმტანის ცემის ფაქტზე დააკავეს. მას გამოძიება მუქარასა და ძალადობას ედავებოდა. 

დაკავებული ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5,000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა.

ვარშანიძის წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი