საქართველო ირჩევს რუსეთს და საკუთარ მომავალს - ამ სათაურით სტატიას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ზოგადად ტვირთბრუნვის კოლოსალურად გაზრდილი მონაცემები და სატრანსპორტო პერსპექტივები.
ავტორი წერს, რომ პირველ კვარტალში, საქართველომ თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვა ერთი მესამედით გაზარდა და რომ თბილისმა ნავთობპროდუქტები ჯამში 250 მილიონ დოლარად იყიდა, საიდანაც 168 რუსული იმპორტიდან მოდიოდა.
ასევე, სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შავი ოქროს იმპორტი 275%-ით გაიზარდა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ კი მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 467 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 48%-იანი მატებაა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებაც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლის მმართველი პარტიაც შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა და არ აჰყვა პრეზიდენტის ეგრეთწოდებულ რუსოფობიას. "რია ნოვოსტი" წერს თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ კულუარულ ურთიერთობებზეც.
"2022 წლის თებერვალში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაიწყო უკრაინაში, მაგრამ საქართველომ, მოსალოდნელზე მეტად, კატეგორიული უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი პოლიტიკური სკანდალი, რომლის დროსაც კიევმა თბილისი პირდაპირ დაადანაშაულა ღალატში: ამბობენ, ჩვენ ღიად ვიბრძოდით და მხარს გიჭერდით 2008 წელს.
მიუხედავად უძლიერესი რუსოფობიისა, რომელიც ჭარბობს მოსახლეობის ნაწილს შორის, ქართველი პარლამენტარები ბევრად უფრო გამჭრიახები აღმოჩნდნენ. ან იქნებ ისინი უბრალოდ უკეთესები არიან მათემატიკაში.
პარლამენტმა ფაქტობრივად უგულებელყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყველა რუსოფობიური თავდასხმა და ხელიც არ შეუშალა პირდაპირი ფრენების აღდგენას, რომელიც ვლადიმერ პუტინის პირადი ინიციატივით დაიწყო", - წერია სტატიაში.
ავტორი იწონებს თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, ის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, "მიუხედავად იმისა, რომ კიევის დინამოში ერთ წელზე მეტი გაატარა".
"როგორც ჩანს, საჯარო პროცესების გარდა პარალელურ რეჟიმში სიტუაცია ვითარდებოდა კულისებშიც, სულ რაღაც ერთი თვის წინ განვიხილავდით მნიშვნელოვან პროექტს რაშტ-ასტარას სარკინიგზო ხაზის დასაკავშირებლად, რომელიც რეალურად ქმნის პირდაპირ სატრანსპორტო დერეფანს რუსეთიდან ირანის გავლით ინდოეთის პორტ მუმბაიმდე.
ვახსენეთ ქართული მიმართულების პოტენციალი, რასაც მაშინ მრავალწერტილი დავუსვით. ივნისის ბოლომ კი აჩვენა, რომ ჩვენი დიპლომატები და ენერგეტიკოსები ტყუილად არ ჭამენ პურს და, თუ ვიმსჯელებთ ენერგიის იმპორტის ცვლილებების დინამიკით, შეიძლება ველოდოთ სხვა სახელმწიფოთაშორისი პროექტების გალღობასაც. კრიტიკული არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უაღრესად მომგებიანი საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის.
მოსკოვისა და თბილისის საკმაოდ ბუნდოვანი ურთიერთობების გათვალისწინებით, მით უფრო სასიამოვნოა დაკვირვება: მეგობრობას თუ არა ჯანსაღ პრაგმატიზმს ბევრად მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე თვითმკვლელობის ტოლფას ხტუნაობას სანქციების ორმოში და სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა. როგორც ჩანს, რა შუაშია ევროკავშირი", - წერს სტატიის ავტორი.