კანონიერი ქურდების სასაფლაო - "ოცნება" საბჭოთა "ცეხავიკების" ეპოქას უბრუნდება

გამოქვეყნდა:

"მე ვარ ადამიანი, მაგრამ სულიერად ცოტა ამაღლებული..." - ამ სიტყვებით მიმართა ე.წ კანონიერმა ქურდმა, ტარიელ ფოცხვერიამ ჟურნალისტებს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 2006 წლის 17 აპრილს ექვსწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, 15 დღეში ხელმეორედ დააკავა.

"მთავარი არხი" ქუთაისში, მის მშობლიურ უბანში, ბალახვანში მივიდა. ეკლესიის ფორმის შენობაში, უბნის სხვა გარდაცვლილებთან ერთად ე.წ კანონიერი ქურდების ფოტოებსაც ნახავთ. როგორც აღმოჩნდა, მემორიალურ დაფაზე გარდაცვლილები იერარქიულად არიან გადანაწილებულები: ქვემოთ - უბრალო მცხოვრებლები, ზემოთ კი - ე.წ კანონიერი ქურდები, მათ შორის - ტარიელ ფოცხვერიაც. მათი ფოტოები, რომ ჩარჩოებში, ანუ „რამკებშია“ ჩასმული, არც ესაა შემთხვევითი და მათ კრიმინალურ სტატუსზე მიუთითებს.

კიდევ უფრო საინტერესოა ქურდების საფლავები. ფაქტია, ისინი კრიმინალურ სტატუსს გარდაცვალების შემდეგაც არ თმობენ. ამის ნათელი დასტურია გია მანაგაძის საფლავის უზარმაზარი ძეგლი, რომელიც ჭომის უბნის გორაკებიდან ჯერაც უყურებს და აკონტროლებს მშობლიურ ქუთაისს.

გია მანაგაძე, იგივე გია "ქუთაისკი", ერთ-ერთ გავლენიან ქურდად ითვლებოდა. წინა ხელისუფლების დროს მას ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე, კუთვნილი კერძო სახლი დააუყადაღეს. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, სახლს ყადაღა მოუხსნეს და ის კვლავ ქურდის საკუთრებაში გადავიდა. 

„ქართულ ოცნებას“, რომელსაც არც რაიმე იდეოლოგიური საყრდენი გააჩნია, არც საშინაო და საგარეო პოლიტიკური სტრატეგია და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს - არც ინტელექტუალური რესურსი, იძულებული გახდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად კრიმინალს შერწყმოდა. ჩვენ კი გვაიძულა, ამ პროცესს გაგებით მოვკიდებოდით.

არანაკლებ მონუმენტურია საფიჩხიაზე ტარიელ ფოცხვერიას საფლავი. ის სამების სახელობის ტაძრის მომიჯნავედ არის დაკრძალული. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქუთაისში ერთი უცნაური ტენდენცია შეიმჩნევა - ქურდები ცდილობენ, ეკლესიასთან რაც შეიძლება ახლოს აარჩიონ განსასვენებელი. შეიძლება, ჰგონიათ, რომ ეს საიქიო ცხოვრებაში წაადგებთ. 

ეკლესიის გვერდითაა დაკრძალული, კიდევ ერთი ქუთაისელი ქურდი, ავთანდილ ჩიხლაძე, იგივე "კვეჟო". მართალია, მისი საფლავი სხვებივით პომპეზური არ არის, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ბნელი 90-იანების კვალობაზე, ზედმეტად პომპეზურიც კია.

ქუთაისი ყოველთვის იყო კონტრასტების ქალაქი. 90-იან წლებში, ის ყველაზე პირველი პასუხობდა თანამედროვე კულტურის გამოწვევებს, მაგრამ ამასთან, იყო ე.წ კანონიერი ქურდების უმთავრესი ბუდეც, როგორც მუსიკოსი რობი კუხიანიძე ამბობს, კულტურა და კრიმინალი ქუთაისში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.

ქუთაისში ქურდულმა სამყარომ ყველაზე მასშტაბურად 80-იან წლებში, საბჭოთა "პერესტროიკის" პერიოდში გაიდგა ფესვი, როცა ქურდები საქმოსნებისა და „ცეხავიკების“ მეწილეები გახდნენ.

40 წლის შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ისევ საბჭოთა "ცეხავიკებისა" და ე.წ  „კანონიერი ქურდების“ ეპოქას ვუბრუნდებით. ეპოქას, როცა ჩინოვნიკები და კრიმინალები ერთად ინაწილებენ სახელმწიფო ქონებას.

ავტორი: ბექა ყორშია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი