"შემაშფოთებელია... არ ველოდები, რომ საფრანგეთი არასტაბილური გახდება", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საუბრობს და საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და არეულობას ეხმაურება.
ამბობს, რომ სჯერა, რომ მაკრონი სიტუაციის მართვას შეძლებს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვიზიტით გერმანიაში უნდა ჩასულიყო, თუმცა, არეულობის გამო, ვიზიტის გადადება მოუწია.
ამ წუთებში კი მაკრონი საგანგებო კრიზისულ შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრება საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ელისაბედ ბორნი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი და იუსტიციის მინისტრი, ერიკ დიუპონ-მორეტი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დღეს, გვიან საღამოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 45 000 პოლიციელი და ჟანდარმერიის ოფიცერი განლაგდება, რადგან, მისი თქმით, "ქვეყანა მეტი ძალადობისთვის ემზადება".
ცნობისთვის, საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. ამ დღეების განმავლობაში პოლიციამ ათასობით მომიტინგე დააკავა. პროტესტი პოლიციის მხრიდან 17 წლის მოზარდის მკვლელობამ გამოიწვია. მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა, რომელიც წარმომავლობით ალჟირი-მოროკოდან იყო, ორმა პოლიციელმა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭის მკვლელობის მომენტს ასახავს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი მანქანის მძღოლს იარაღს უმიზნებს, რა დროსაც მანქანა მოძრაობას იწყებს, პოლიციელი კი მანქანის შიგნით ისვრის.
პოლიციელი, რომელმაც ბიჭს ესროლა, დაკავებულია. მის წინააღმდეგ გამოძიება ნებაყოფლობით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.