
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლექსანდრ შულგასთან შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პირველი არხის ცნობით, დროებითი რწმუნებულის საგარეო უწყებაში დაბარება უკრაინის მხრიდან მიერ ქართული ავიაკომპანიის Georgian Airways-ისთვის სანქციების დაწესებას უკავშირდება.
ცნობისთვის, პირველ ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდათ Georgian Airwas-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.
უკრაინის გადაწყვეტილებას მეორე დღეს გამოეხმაურა თამაზ გაიაშვილი და მას "აბსურდი და უსამართლობა უწოდა. გავრცელებულ განცხადებაში გაიაშვილი აღნიშნავდა, რომ უკრაინა შეცდომაში ოპოზიციამ შეიყვანა. გარდა ამისა, გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან "სარკისებური პასუხი მოჰყვება".