
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის და 500 ლარის გადახდა დააკისრა.
საიას განცხადებით, საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს.
"კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება“, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“. შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად," - ნათქვამია საიას განცხადებაში, რომელიც განმცხადებელთა ინტერესებს იცავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
მათი თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შსს-ს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამის მიუხედავად, უწყებაში მსგავსი პრობლემების სისტემური გადაწყვეტა დღემდე პრობლემურია.