
ახალქალაქში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს პარტია "ლელოც". მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ პროცესები, რაც რეგიონში მიმდინარეობს და ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს სამართალდამცავების თანდასწრებით ანადგურებენ, მთავრობის უუნარობის კიდევ ერთი დასტურია. "ლელოში" დარწმუნებული არიან, რომ ეს ყველაფერი გავლენას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მოახდენს.
"ლელოს" წარმომადგენელთა თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში დაკარგა ყველანაირი ნდობა, ასევე საზოგადოების ნდობა აქვთ დაკარგული სამართალდამცავ ორგანოებს.
ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სამართალდამცავი და საპოლიციო სისტემა არის ჩამოშლილი, ეს არის ზუსტად ის გზავნილი, რომელსაც "ოცნება" აძლევს მოსახლეობას და ეს არის ლოგიკური გაგრძელება მთელი ამ დანაშაულებრივი მოვლენების ჯაჭვისა, - ამბობს "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 აგვისტოს დაახლოებთ 19:00 საათზე ახალქალაქში ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ჩხუბი ხელკეტების გამოყენებით მოხდა. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილის თანასოფლელები ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში ჩავიდნენ, რის შემდეგად დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. ახალქალაქში გადამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ახალქალაქში დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. ახალქალაქში ჩასულმა ჯგუფმა გადაწვა სახლები, დაამტვრიეს კარები და ფანჯრები. დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს.
მისივე თქმით, ამ მკვლელობას ახალქალაქში ჯგუფური დაპირისპირება, კერძო საკუთრების დაზიანება მოჰყვა, რის გამოც გამოძიება ამ მუხლითაც დაიწყო.
უწყება აცხადებს, რომ ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.