
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 2021 წლის 5 ივლისს, დაუგეგმავად და მოულოდნელად მოხდა ჟურნალისტებზე ძალადობა. მისივე თქმით, უწყებას არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ძალადობრივი, პრორუსული, ჰომოფობიური ჯგუფები თავდასხმას მოახდენდნენ ჟურნალისტებზე.
შსს-ს მაღალჩინოსანი მომხდარს სამწუხაროს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
"სამწუხარო მოვლენა მოხდა 5 ივლისს, იყო სრულიად დაუგეგმავად, მოულოდნელად, მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა. უბრალოდ, შედარებისთვის რომ გითხრათ, წინა ექვსი წლის განმავლობაში, ხუთი ივლისი სანამ მოხდებოდა, სულ ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაში სულ 50 საქმეზე ჰქონდა გამოძიება დაწყებული. ანუ, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვქონდა, რომ ეს ჯგუფები თავდასხმას მოახდენდნენ ჟურნალისტებზე. მაგრამ, მოხდა სამწუხარო ფაქტი, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ გამოძიება. 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიდიოდა გამოძიება და ათასობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე, არაერთი ვიდეომტკიცებულება და ელექტრონული მონაცემი იქნა შესწავლილი, თუ რაიმე კამერა იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა კამერა იქნა ამოღებული, ასევე ჟურნალისტებსაც ვთხოვეთ, რომ მათაც მოეწოდებინათ თუ რამე მტკიცებულება ჰქონდათ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, ზუსტად 2 წლის წინ, 5 ივლისს, თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობრივი მოვლენების დროს, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, 2 წლის შემდეგაც არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები.