Washington Post, Alljazeera, Politico, Associated Press, Reuters... - 3 ივლისის, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას საერთაშორისო პრესაში გამოხმაურებები მოჰყვა. გამოცემები წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიზუალმა შეშფოთება გამოიწვია. ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზეც, რომელმაც კიევიდან საქართველოს ელჩი მთავრობასთან კონსულტაციების გასამართად გამოაგზავნა.
The Washington Post
გამოცემა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს იხსენებს და წერს, რომ საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი შეშფოთებას იწვევს.
''ზელენსკი ამტკიცებს, რომ მოსკოვი, საქართველოს მთავრობის მეშვეობით, სადაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს 2013 წლამდე იკავებდა, ყოფილ პრეზიდენტს შეგნებულად კლავს. საქართველო, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორმაგ პოლიტიკას ატარებს. მის მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, რის გამოც კრემლზე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს. საქართველოს მოსახლეობა კი ამას აპროტესტებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. გარდა ამისა, ბევრის აზრით, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი შეშფოთებას იწვევს," - ვკითხულობთ Washington Post-ის სტატიაში.
Alljazeera
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა და Amnesty International-ის შეფასებას იხსენებს.
"ორგანიზაცია Amnesty International-მა მის მიმართ მოპყრობას "აშკარა პოლიტიკური შურისძიება" უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივლისს მოუწოდა საქართველოს, გააგზავნოს სააკაშვილი უკრაინაში სამკურნალოდ და განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი უნდა დაბრუნდეს საქართველოში საკუთარ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის უკან მოსკოვი დგას," - ნათქვამია Alljazeera-ს სტატიაში.
Politico
"უკრაინა საქართველოს ელჩს სამშობლოში აგზავნის იმ გაფრთხილების ფონზე, რომ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს," - ამ სათაურით აქვეყნებს Politico სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები დაამყარა.
"4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ თქვა, რომ სააკაშვილს, რომელიც საქართველოში 6-წლიან სასჯელს იხდის, ახლა "რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელით მოკვლის საფრთხე ემუქრება." საქართველოს მმართველმა პარტიამ მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები დაამყარა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭო აცხადებს, რომ ოლიგარქი და ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია "შეიძლება ცდილობდეს საქართველოს შეტყუებას რუსეთი გავლენის სფეროში," - წერს Politico.
The Guardian
The Guardian აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა მის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს და მას "აჩრდილს" ადარებს.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამოჩნდა ტელევიზიით, დაუძლურებული და გამოფიტული, რამაც შეშფოთება გამოიწვია დაკავებული პოლიტიკოსისადმი მოპყრობის გამო. 55 წლის ადამიანი ძნელად საცნობი იყო და საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა," - წერს ბრიტანული გამოცემა.
Associated Press
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ წერს გამოცემა Associated Press-იც და ყოფილი პრეზიდენტის ვიზუალზეც ამახვილებს ყურადღებას.
"ორშაბათს სააკაშვილი ვიდეორგოლის ჩვენებისას სასტიკად გაფითრებული გამოჩნდა სასამართლოში, რომელიც მის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეს განიხილავდა," - ნათქვამია AP-ის სტატიაში.
Reuters
"უკრაინა საქართველოს ელჩს მოუწოდებს, სახლში დაბრუნდეს "კონსულტაციებისთვის" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Reuters და აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ საქართველოს ელჩის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე გამოჩნდა, სადაც ის "გაფითრებული" ჩანდა და მისი მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.
"სააკაშვილი, რომელიც ახლა 55 წლისაა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, როცა რუსეთი 2008 წელს ქვეყანაში შეიჭრა. საქართველოს ურთიერთობა მოსკოვთან მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც თბილისმა მეზობელთან პირდაპირი ფრენები განაახლა," - წერს Reuters.