რუსეთი აპირებს, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის კიდევ ერთი ენერგობლოკი "ცხელ რეჟიმში" გადაიყვანოს - ენერგოატომი

გამოქვეყნდა:

უკრაინული სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის ინფორმაციით, რუსები აპირებენ, რომ ქალაქ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის N4 ენერგობლოკი "ცხელ" რეჟიმში გადაიყვანონ, რაც კატასტროფის რისკებს გაზრდის.

"სადგურის ფსევდო ხელმძღვანელმა იური ჩერნიჩუკმა უკვე გასცა შესაბამისი განკარგულება. თუმცა რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების გათვალისწინებით, წყალსაცავი გაუწყლოებულია, შესაბამისად, როცა მეტი ენერგობლოკი ამოქმედდება, რეაქტორების გაგრილებისთვის წყლის მიწოდება შესაძლოა საკმარისი არ იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები მიზანმიმართულად არ ასრულებენ უკრაინის მარეგულირებლის გადაწყვეტილებას, რაც ავარიული სიტუაციის "რეალურ საფრთხეს" ქმნის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარე რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობს. ამასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის სახურავებზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.

რუსეთი ბრალდებას ტრადიციულად უარყოფს. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ევროპის უდიდეს ატომურ სადგურზე ვითარება "საკმაოდ დაძაბულია" და "კიევის რეჟიმის მიერ დივერსიის" პოტენციალი "მაღალია", რასაც შესაძლოა "კატასტროფული შედეგები მოჰყვეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი