საგარეჯოში ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე საჯარო მოხელეები მეორე დღეა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ემალებიან.
"მთავარი არხი" დღეს ძალადობაში მონაწილე ორ პირს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლექსო იოსელიანსა და საკრებულოს წევრს, ირაკლი რუაძეს გაესაუბრა.
ორივე მათგანი ადასტურებს, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა მათი მტკიცებით, თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ლექსო იოსელიანის მტკიცებით, თავდასხმების პროვოცირება თავად მოახდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
"ძალადობა ვისთვის არის მისაღები, მაგრამ, ძალადობის პირველი წყაროები ისევ ისინი არიან, ვინც ესე იმას შვება. ვგულისხმობ იმათ, "ნაციონალურ მოძრაობას" ვის უნდა ვგულისხმობდე", - ამბობს იოსელიანი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვერ პასუხობს კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ მისი თანამშრომლები იმ კონკრეტულ ადგილზე და რატომ დაუპირისპირდნენ ისინი ჟურნალისტებს.
"შეგიძლიათ დამილაგოთ კადრები, მე თუ ვჩანვარ კადრებში, და მერე ვილაპარაკოთ მაგ თემაზე. მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, არანაირი, თუ ერთი კადრი მაინც გექნებათ იმის შესახებ, რომ მე ან ქვა გავისროლე, ან მუშტი გავიქნიე, ან მსგავსი რამე, კი ბატონო, პრობლემა არ მაქვს", - ამბობს ირაკლი რუაძე.
"მთავარმა არხმა" ცოტა ხნის წინ ძალადობაში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მამუკა შაქარაშვილის იდენტიფიცირება შეძლო. შაქარაშვილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი და ამ კონკრეტული აიპ-ის ხელმძღვანელის სიძეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით, ძალადობის არცერთი მონაწილე ამ დრომდე არ გამოუკითხავს.
ავტორი: ია გულიაშვილი.