ყოველ ასეთ კენჭისყრაზე ვიღაცამ რომ წამოიძახოს გადათვალეთო, ასე არ ხდება - პაპუაშვილი ვეტოს დაძლევის გაყალბებაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესაძლო გაყალბებას ეხმაურება და ამბობს, რომ კენჭისყრის შედეგების გადათვლას რეგლამენტი არ ითვალისწინებდა. 

ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის მომართვა პროცედურასთან დაკავშირებით ოფიციალურად ჯერ არ შესულა.

"რაც შეეხება პრეზიდენტის მომართვას, ასეთი რამ არ შემოსულა. ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემამდე ჯერ არ მოსულა რაიმე ოფიციალური წერილის სახით თუ არის. მედიიდან შევიტყვე, რომ ასეთი არის. სავარაუდოდ, ამას თავისი პროცედურა აქვს, სანამ მოვა ოფიციალურად რაიმე შეკითხვა თუ არის. გავეცნობით და შესაბამისად ვუპასუხებთ, რა თქმა უნდა,"

"სხდომების დროს, როცა გვაქვს კენჭისყრები, არ არის იშვიათი, რომ 70 საკითხი, 80 საკითხი არის, როგორც წესი-ხოლმე, კენჭსაყრელი საკითხი. ყოველ ასეთ კენჭისყრაზე ვიღაცამ რომ წამოიძახოს და გადათვალეთო, ასე, რა თქმა უნდა, არ ხდება. ეს პროცედურა დასრულებული არის. იმ მომენტში უნდა მოხდეს სხვა, ჩვენი რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასე რომ იყოს. წარმოიდგინეთ თქვენ ისტორიულად ნებისმიერი კენჭისყრა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. - თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქმე ეხება მმართველი პარტიის მიერ ვეტოს დაძლევის შესაძლო გაყალბების პროცედურას, რის მიხედვითაც  დარბაზში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დასაძლევად  დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ იმყოფებოდა

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი არასწორად მოხდა, პარტია "გირჩმა" გაავრცელა.

სანდრო რაქვიაშვილმა განმარტა, რომ ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო "ევროპული სოციალისტებიდან" და 9 "ხალხის ძალიდან". შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.

დეპუტატმა ამის შესახებ აზრი პარლამენტშივე დააფიქსირა და გადათვლისთვის პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, თუმცა თავმჯდომარემ სხვა საკითხების განხილვა გააგრძელა. 

ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტისგან ვეტოს დაძლევის შესაძლო გაყალბებაზე, დეტალურ ინფორმაციას ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი