რუსეთის სამთავრობო მედია TASS-ს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა, რომ რუსეთის ეკლესია "თანაგრძნობით ადევნებს თვალს" საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყრდის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას.
"ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მედიაში იყო. ჩვენ ვწუხვართ, რა თქმა უნდა, ეპისკოპოსზე. ის მსახურობდა მოსკოვში, საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში", - თქვა სააგენტოს წყარომ.
შეგახსენებთ, 5 ივლისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მთავარ არხს წყაროები უყვებოდნენ, რომ მეუფე შიოს სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.
სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო".
შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.