"საგანგაშოა ღირსების შემლახავ მოპყრობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები" - SJC ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტზე

გამოქვეყნდა:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის საჯარო განცხადებას ეხმაურება, რომლითაც გოგა რაზმაძე ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელს.

ორგანიზაცია უწყებას მოუწოდებს, სამინისტროში დასაქმებული ადამიანების თავისუფალ, თანასწორ გარემოში მუშაობა უზრუნველყოს და არ შეზღუდოს მათი გამოხატვის თავისუფლება უკანონოდ.

"საყურადღებოა, რომ გამოკითხვის პროცესში, რაზმაძე მიუთითებს შსს-ს გენ. ინსპექციის უფროსის მოადგილის, დავით მინდიაშვილის, მოულოდნელ ჩართვაზე და მის მიერ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. განცხადების თანახმად, სასურველი შინაარსის ახსნა-განმარტების მოპოვების მიზნით, მინდიაშვილი რაზმაძეზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. გარდა ამისა, რაზმაძეს არ მიეცა საშუალება, დაეტოვებინა ოთახი და სხვა დროისთვის გადაეტანა ახსნა-განმარტების ჩაბარება, მიუხედავად ამ პროცესის ნებაყოფლობითობისა.

როგორც თავად არაერთხელ აღნიშნავს, რაზმაძის საჯარო პოსტები ყოველთვის იყო ეთიკური და არ არღვევდა საჯარო მოხელის გამოხატვის ფარგლებს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მართალია, საჯარო მოხელეს შეიძლება დაეკისროს გარკვეული წინდახედულობის ვალდებულება, თუმცა, იგი, როგორც ნებისმიერი ინდივიდი, სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომლის შეზღუდვაც დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, პროპორციული ზომის გამოყენებით. ამ სტანდარტზე დაყრდნობით, პრეცედენტულ საქმეზე Vogt v. Germany (no. 17851/91, 1995), სასამართლომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია პოლიტიკური აქტივობის კონტექსტშიც კი. მით უფრო მაღალი დაცვით სარგებლობს გამოხატვა, რომელიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხს უკავშირდება, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია (Baka v. Hungary, no.20261/12, § 159, 2016).

შემაშფოთებელია, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, რომელიც თავად ზედამხედველობს გამოძიების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას, სამმართველოს უფროსი თავს მიიჩნევს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად და ხელი ეშლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელებაში. ამასთან, საგანგაშოა სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები, რომელიც, პირველ რიგში, თავად უნდა რეაგირებდეს სამინისტროს მოხელეთა მიერ ჩადენილ გადაცდომებზე," - აღნიშნულია SJC-ს  განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მის სტრუქტურულ ერთეულებში გამოხატვის თავისუფლების სათანადო დაცვა და არ დაუშვას, რომ უწყების მოხელეები დაექვემდებარონ ზეწოლას, მათ მიერ გამოთქმული აზრისა და პროფესიული შეფასებების გამო;
     
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 2023 წლის 11 ივლისს, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის დროს, გოგა რაზმაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე;
     
  • Საქართველოს სახალხო დამცველს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დროულად შეისწავლოს გოგა რაზმაძის საჯარო განცხადება და მიიღოს ზომები მისი უფლებების დასაცავად.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი