"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან საჯარო დისკუსიას გამართავს. ასევე, საღამოს, დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომლის სახელიცაა "ვითარება საქართველოში - პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების შესახებ". მას მოდერატორობას ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტერვიჩუსი გაუწევს.
საჯარო შეხვედრაში, რომელიც უკვე იწყება მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პარლამენტის თანამშრომლებმა, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, მრჩევლებმა, პრესსამსახურის წევრებმა, მიწვევა აუსტერვიჩუსის მხრიდან ყველამ მიიღო.
შეხვედრას დაესწრებიან ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ნაჩო სანჩესი, ევროპის სოციალისტური ჯგუფიდან, საიდანაც "ქართული ოცნება" ცოტა ხნის წინ გარიცხეს.
"ნიკა გვარამიას აქ დაპატიჟება ნიშნავს, რომ ყველა ევროპელი, მათ შორის ქართველებიც იზიარებენ ერთსა და იმავე ფასეულობებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება არის ის ფასეულობები, რომელთა გარეშეც დემოკრატია არ არსებობს. ასე რომ, ნიკას ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ნიკას განთავისუფლება ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე არ გავჩერდეთ. მე ვცდილობ ბოლო წლებში ასეთი კარგი ამბავი გავიხსენო საქართველოდან და არ მახსენდება. მხოლოდ ცუდი ამბები მოდიოდა და ამიტომ ჩვენთვისაც, საქართველოს მეგობრებისთვისაც ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში მუშაობა. ამას ახლა დაემატა ისიც, რომ საქართველო ნატოს სამიტზე ჯეროვან დონეზე არ არის წარმოდგენილი. თუმცა, დავუბრუნდეთ ნიკას თემას და მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად პოზიტიური მესიჯია. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს მისი შეწყალებისთვის და მინდა მოვუწოდო, რომ ამაზე არ გაჩერდეს და კიდევ გააკეთოს კარგი საქმეები, რათა საქართველო ევროკავშირს მაქსიმალურად დაუახლოვდეს", - თქვა რასა იუკნევიჩიენემ.
ნაჩო სანჩესი ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. მისი შეფასებით, ქვეყანაში პოლარიზაცია არ შემცირებულა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ გვარამიას და ნებისმიერი სხვა ადამიანის ვიზიტი აქ, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. პოლარიზაცია არ შემცირებულა, რაც დიდი პრობლემაა და ბატონი სააკაშვილიც ისევ ციხეშია, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობისა. ასე რომ, ბატონ გვარამიას ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიყავით იმავე პოლიტიკური ოჯახის წევრი, რომლის წევრიც იყო ქართული ოცნება, მაგრამ ჩვენ ბევრ საკითხში ვაკრიტიკებდით მათ. ახლა კი, ბოლოს რაც მოხდა ლგბტ ფესტივალთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასეთი ფაქტები არათუ არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირის ფასეულობებთან, არამედ კიდევ უფრო აშორებს მას ჩვენგან", - თქვა ნაჩო სანჩესმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტარები თავიანთ მოსაზრებებს, ნიკა გვარამიასთან ერთად პრესკონფერენციაზე, თბილისის დროით 19:00 საათზე გააცნობენ საზოგადოებას.